2018 წელს ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული ცვლილებები იქნება

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი მცირედ განსხვავებული იქნება.

ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება – 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს  სიტყვის მნიშვნელობის წვდომა  კონტექსტის საფუძველზე  გაუადვილდეს.

წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს – სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს მისი მნიშვნელობის განსასაზღვრად კონტექსტი დაეხმარება.

ზოგადად, ცნობილია, რომ ახალი ინფორმაციის გააზრების უნარი  ყველაზე უკეთ იჩენს თავს წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა შესრულების პროცესში. შესაბამისად, ეს სიახლე აკადემიური უნარების შეფასების სიზუსტის თვალსაზრისითაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადი უნარების ტესტის მიზანი იმ უნარების შეფასებაა, რომლებიც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ცოდნის შესაძენად. სწორედ ამიტომ, წაკითხულის გააზრებაზე აქცენტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იმ უნარის წარმოჩენას, რომლის გამოყენებაც უმაღლეს  სასწავლებელში არაერთხელ მოუწევთ მომავალ სტუდენტებს.

ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ  ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და მარტივი  დავალებების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი – ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანს ეძელვა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.

2018  წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე, კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

ზოგადი უნარების ტესტური დავალების ნიმუში 1

ზოგადი უნარების ტესტური დავალების ნიმუში 2

არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *