ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად – დიეტოლოგ ნატა გაგუას რჩევები

აციონალური კვება ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ძირითადი გამსაზღვრელი ფაქტორია. იგი გარანტია როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღისა. ჯანმრთელი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია სწრაფი ნივთიერებათა ცვლა, ეს კი ისეთი კვებით მიიღწევა, რომელშიც ოპტიმალური თანაფარდობითაა წარმოდგენილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. იმის გარდა, რომ ჭარბი წონა ცვლის ვიზუალს, ჯანმრთელობასაც უდიდეს ზიანს აყენებს, ხშირია ენდოკრინული და ონკოლოლოგიური პათოლოგიები. თუმცა პაციენტებს უჭირთ თავიანთი პრობლემის რეალურად შეფასება და იწყებენ მარტივი გზების ძიებას, ამ გზებს კი, როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში, მსუბუქ ინტოქსიკაციამდე ან სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. ჯანსაღი კვების შესახებნიუსმაცნეექიმნუტრიციოლოგს, ნატა გაგუას, გაესაუბრა.

რას ურჩევდით ისეთ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად აქტიურია, კვებაც დაბალანსებული აქვს, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებს?

-თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაგრამ მოტივირებულია, ფიზიკურად ვარჯიშობს, იკვებება ჯანსაღად და შედეგს ვერ აღწევს, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით: სწორად არაა დაბალანსებული კვების რაციონი, დღის განმავლობაში მიღებული კალორიები გაცილებით მეტია, ვიდრე გახარჯული. თუ გამომუშავებულია ინდივიდუალური კვების მოდელი, ფიზიკური ვარჯიშებიც შერჩეულია გონივრულად, პროფესიონალის დახმარებით, ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევაში, ადამიანის სხეულის მასა იკლებს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. ორივე პირობის მიუხედავად თუ შედეგს ვერ აღწევს ადამიანი, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და გაიკეთოს ორგანიზმის სრული გამოკვლევა, რათა გაირკვეს თუ რამ შეიძლება „დაამუხრუჭოს“ სხეულის მასის კლება. მიზეზი ბევრია:  ენდოკრინული სისტემის გაუმართავი მუშაობა ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა, სტრესი, უძილობა და ა.შ.  ნორმალური კლება, ჭარბი წონის შემთხვევაში, კვირაში ერთი კილოა.

რა აზრის ხართ ბიოაქტიურ დანამატებზე, რომლებსაც ხშირად წონის დასაკლებად იყენებენ?

-ბიოაქტიური დანამატი არ არის პრეპარატი, სწორედ ამიტომ ურეცეპტოდ გაიცემა.  სამწუხაროდ,  არასწორად მიღების შემთხვევაში, შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელი. ბად-ის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა შეფასდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სხვადასხვა ლაბორატორიული და კლინიკური კვლევით დადგინდეს თუ რისი დეფიციტი აქვს ორგანიზმს. ძალიან ხშირად, წონის დასაკლები ბად-ები  შარდმდენ და საფაღარათო მოქმედებით გამოირჩევა, უკონტროლოდ და ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს: ელექტროლიტული დისბალანსი, არტერიული წნევის ვარდნა, სისუსტე, კანის სიმშრალე, არითმია და ბევრი უარყოფითი რამ.

სხვადასხვა მიზეზის გამო იმატებს წონაში ადამიანი. ეს შეიძლება იყოს: ფსიქოემოციური ფონი, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადება და ა.შ. თუკი გენეტიკური განწყობაც არსებობს (პრიორიტეტული არაა, მაგრამ თუკი ოჯახის წევრები არიან სიმსუქნით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი,  რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია). როგორც ხედავთ, წონის მატების ბევრი მიზეზია, სწორედ ამიტომ,  აუცილებლია, ვიცოდეთ რა არის კონკრეტული მიზეზი ან მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩეს ჯანსაღი კვების მოდელი.

რას გვეტყვით საკვებისა და წყლის მიღების ჯერადობაზე?

-თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაშინ საკვების მიღების ინტენსივობა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ექიმთან შეთანხმებით.  ახლა ვისაუბრებ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანზე. აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, აღნიშნული სამი კვების გარდა, წაიხემსოს ერთხელ ან ორჯერ. მთლიანობაში გამოდის სამი ძირითადი კვება და ერთი ან ორი ხემსი, შუალედებში შეუძლია მიიღოს წყალი. თუ მიირთმევთ ზედმეტად მარილიან ან ცხარე კერძს, რომელიც წყურვილის სურვილს გვიძლიერებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მიღებული სითხე შეიძლება შეკავდეს ორგანიზმში და გაზარდოს არტერიული წნევა. წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ამინდზე, ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ. წყლის დალევა სასურველია საკვების მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთ საათში. ზოგადად, 1 კგ მასაზე საშუალოდ 30-32 მილილიტრი წყალის მიღებაა სასურველი. მინდა, გახსოვდეთ, რომ წყლის ჩანაცვლება არ შეუძლია ჩაის და ყავას. ვისაც არ უყვარს წყალი და არ აქვს შაქრიანი დიაბეტი,  ვურჩევდი, რომ მიიღოს ხილის კომპოტი, უშაქროდ მომზადებული.

რა მცდარი აზრებია გავრცელებული ჯანსაღ კვებასთან მიმართებით?

-მაგალითად, 1)  6 საათის შემდეგ არ შეიძლება საკვების მიღება. როცა ადამიანი ღამურაა, გვიან იძინებს და, შესაბამისად, გვიან იღვიძებს, ცხოვრების სტილი აქვს ისეთი, რომ არ უყვარს ადრე საუზმე და ჭამას გვიან იწყებს, 6-ის შემდეგ საკვებზე უარის თქმა, მისი ორგანიზმისთვის სტრესია. 2)  18-საათიანი უზმო ინტერვალი, ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, კუჭისთვის – ცუდია.  3) ხანგრძლივი ცილოვანი დიეტა, როდესაც რაციონიდან ამოღებულია ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული). შეუზღუდავი რაოდენობით ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის ნაწარმის მიღება  დაუშვებელია. მოგეხსენებათ, ასეთი საკვები შეიცავს არა მარტო ცილებს, არამედ ცხიმებსაც. ორგანიზმი ვერ ასწრებს ამდენი ცილოვან-ცხიმოვანი საკვების სრულყოფილ  გადამუშავებას, ამან კი შეიძლება ქოლესტერინის შემცველობა  გაზარდოს სისხლში. შეიძლება ბოლომდე არ გადამუშავდეს  ეს საკვები  პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ადამიანს ჰქონდეს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მოთენთილობა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გულისრევა, მადის დაქვეითება. მკაცრი ცილოვანი დიეტა იწვევს  შრომისუნარიანობის დაქვეითებას – ყაბზობას. მისი უპირატესობა ისაა, რომ დიეტის პირველ დღეებში სწრაფად იკლებენ, თუმცა რის ხარჯზე? სითხისა და მადის დაკარგვის ხარჯზე. როდესაც პაციენტს ეუბნება ექიმი, რომ სიმსუქნის სამკურნალოდ საჭიროა სრული კურსის გავლა და პირდაპირი მოტივაცია, რასაკვირველია, არაპოპულარულად ჟღერს. სამწუხაროდ, ბევრი  ირჩევს „მარტივ“ გზას, მკაცრი და „ეფექტური“ დიეტები ბევრია სხვადასხვა საიტზე, მაგრამ ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე სწრაფად ვერ ვიკლებთ, უბრალოდ, ორგანიზმი კარგავს სითხეს და თუ ასეთი არასწორად შერჩეული დიეტა ხანგრძლივია, კუნთები განილევა ანუ კუნთის მასა მცირდება ორგანიზმში, რაც ცალსახად ცუდია.

სწორ კვებას თუ აქვს აზრი ვარჯიშის გარეშე?

-რა თქმა უნდა, სწორ კვებას ვარჯიშის გარეშე აქვს გარკვეული შედეგები. თუკი მაღალი ხარისხის სიმსუქნეა, ბუნებრივია, არც შეიძლება საწყის ეტაპზევე ვარჯიშის დაწყება. ჯანსაღი კვების ფონზე, როდესაც სხეულის მასის კლება დაიწყება, შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს ფიზიკური დატვირთვა, კარდიოვარჯიშები,  ფეხით სეირნობა, შემდეგ უკვე, სპორტულ დარბაზშიც უნდა გადაინაცვლოთ, რათა სწორად შეირჩეს ვარჯიშები ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით.

,,ვარჯიშის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია გემრიელად მიირთვა და არ მოიმატო,” – რამდენად რეალურია ეს ფორმულირება?

-დიახ, რეალურია, მაგრამ მაშინ, როდესაც ადამიანი უკვე ნორმალური წონისაა, მიაღწია სასურველ წონას და ვარჯიშობს, აქვს სწორად  შერჩეული ფიზიკური დატვირთვა, მაშინ უკვე აღარ სჭირდება კალორიების მუდმივი დათვლა, შეუძლია, იკვებოს  ნორმალურად, ზომიერად ჯანსაღი კერძებითა და პროდუქტებით, არც დაიკლოს და არც მოიმატოს წონაში. აუცილებელია, საკვები მოამზადონ სწორად და იკვებონ ჯერადად და დატვირთვის გათვალისწინებით განსაზღვრონ წყლის მიღების რაოდენობა.

შენელებული მეტაბოლიზმისა და გენეტიკის გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება?

-წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი ცხოვრების წესმა. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს, ნერვული სისტემის მდგომარეობას. თუ სულ შფოთავთ და დაძაბული ხართ, შესაძლოა, რომ მადა დაქვეითდეს ან პირიქით – გაძლიერდეს. ხშირია კვებითი ქცევის დარღვევა.

 დაგვისახელოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელთა გარეშეც ორგანიზმი იფიტება, ვარდება ჰემოგლობინი და ..

-კარგია, რომ იყოს სხვადასხვა პროდუქტისგან შემდგარი რაციონი. შეიძლება: უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი; თუკი მცენარეული გნებავთ, ლობიო, სოკო, ბარდა – ეს არის ცილების წყარო.  ნახშირწყლები: ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული და ა.შ.  ცხიმები: მცენარეული ზეთი, ცხიმიანი თევზი, მცირე რაოდენობით ახალი კარაქი. კარგია თუ სწორად  დაბალანსდება ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო და მაკროელემენტები. ასეთი კვების მოდელი იქნება თქვენი ენერგიის წყარო, გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შრომისუნარიანობა გაიზრდება, კუჭის მოქმედება იქნება ნორმალური. ასეთი კვების მიმდევრები ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებიან და გამოირჩევიან ენერგიულობით.

როგორ ვაკონტროლოთ მადა, ბუნებრივია, მთელი ცხოვრება დიეტაზე ვერ ვიქნებით. როგორ ვაქციოთ ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად?

-უნდა ისწალოთ კვების და მადის მართვა. თუ გექნებათ თქვენი, ინდივიდუალური კვების მოდელი, რომელსაც სპეციალისტთან ერთად  შეარჩევთ და მოირგებთ, მაშინ ამ ცოდნის მატარებელი იქნებით, გამოიყენებთ თუ არა მას, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ცოდნა გექნებათ. რატომ უნდა მივიდეს ადამიანი ნუტრიციოლოგთან? იმიტომ, რომ  გაიაროს დიეტოთერაპიის სწორად და ადეკვატურად შერჩეული კურსი, მიიღოს შედეგი, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და  „შეიარაღდეს“ ცოდნით თუ როგორ მართოს საკუთარი მადა და წონა.

 

ნინი მშვენიერიძე

Newsmatsne.ge

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *