ხელთათმანი, რომელიც ჟესტების ენას თარგმნის, ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს

ქართველმა ახალგზარდებმა შექმნეს ინოვაციური ხელთათმანი, რომელიც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს დაეხმარება საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და ინტეგრაციაში. ეს არის პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, შესაბამისად, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, სპიკერი კი გაახმოვანებს წინადადებას.

გუნდში სამი წევრია: გიორგი ბესტავაშვილი, ბექა ბაბუნაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე.

გიორგი ცხოვრებაძე

„ჩვენ მეზობლად არის ერთადერთი სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. გავლისას ხშირად გვხვდებოდა თვალში, რომ ბავშვები მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ, რადგან ჟესტების ენა დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. აქედან გაჩნდა იდეა, გვინდოდა, გამოგვეგონებინა ისეთი მოწყობილობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ, დაეწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან და გადავწყვიტეთ, ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანები შეგვექმნა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათს ცხოვრებას. ხელთათმანი სენსორების საშუალებით აღიქვამს მომხმარებლის ხელის მოძრაობებს, თარგმნის და შემდეგ კი სპიკერი ახმოვანებს. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება და არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა საუბრისას. ხელთათმანი ძალიან მოსახერხებელი და ყველა სიტუაციაში გამოსადეგია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწთ და მაქსიმალურად კომფორტულსა და მოსახერხებელს გავხდით “ – აღნიშნავს ბექა ბაბუნაშვილი.

გიორგი ბესტავაშვილი და ბექა ბაბუნაშვილი

სმენის უქონლობა ხშირად შეიძლება იქცეს ინტელექტუალური განვითარების წინაღობად. გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანები ვერ ახერხებენ სოციალიზაციას, იმისათვის, რომ სმენადაქვეითებულმა  სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი, აუცილებელია, გარშემომყოფები დაეუფლონ ჟესტების ენას, ეს კი საკმაოდ რთულია. Sign&Sound-ი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი გამოგონებაა. სპეციალური ხელთათმანის განვითარების, დახვეწისა და დამკვიდრების შემდეგ, აღნიშნულ პრობლემა მოგვარდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„ჩვენ უკვე სამი თვეა შეუჩერებლად ვმუშაობთ და საკმაოდ რთული იყო პირველი თვე, რადგან საქართველოში  სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ ექცევათ საკმარისი ყურადღება. მათ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, სოციალური ქსელები, დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, შესაბამისად, მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია რთულია. როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, ერთადერთი საშუალება მათთან კომუნიკაციისთვის არის ჟესტების ენა. მომავალში კი, იმედია, ჩვენი იდეა სრულად გამოასწორებს ამ მდგომარეობას“ – აღნიშნავს გიორგი ბესტავაშვილი.

გუნდის წევრებს ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპი აქვთ შექმნილი. სამომავლოდ ხელთათმანის საწარმოებლად დაფინანსების მოპოვებას გეგმავენ.

 

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *