შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის – მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან – თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. ქურდული შეკრება მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების – მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების – ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. ქურდული საერთოსთვის წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. ქურდული საერთოს სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შედეგად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“, ასევე პასუხისგებაში მიეცა 2 „კანონიერი ქურდი“. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *