სტარტაპერი ხურვალეთიდან, რომელიც საზოგადოებას მწყრის კვერცხსა და ხორცს სთავაზობს

22 წლის ზაურ კუდუხოვი სტარტაპერია, მან გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა საკმაოდ იშვიათ და ხარისხიან პროდუქტს. საუბარია მწყრის ხორცსა და კვერცხზე.

ზაური გორის რაიონ სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. წარმოშობით ქსუისიდან არის, 2008 წლის ომის დროს იძულებით დატოვა მშობლიური სოფელი. დაამთავრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტი, ამჟამად კი აგრძელებს სწავლას იმავე უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხით.

„რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, რომ დამეწყო ბიზნესი, კერძოდ, წარმოების სფეროში, რომელიც მომგებიანი და სამომავლოდ პერსპექტიული იქნებოდა. ჩემი ძალებით დავიწყე ქართული ბაზრის გამოკვლევა, თუ რა პროდუქტის ნაკლებობა ან დეფიციტი შეინიშნებოდა. სულ მალე დავადგინე, რომ მწყრის პროდუქციის დეფიციტი იყო, კერძოდ, მწყრის ხორცისა და კვერცხის. იმ მომენტიდან დავისახე მიზნად, მწყრის პროდუქცია მეწარმოებინა და ამავდროულად დავიწყე ფულის შეგროვება. გავხსენი ანაბარი და ყოველ ჩარიცხულ თანხაზე ვიცოდი, რომ მიზანს ვუახლოვდებოდი. როდესაც საჭირო თანხა შევაგროვე, დავიწყე დაბანდებული თანხის ინვესტირება: ავაშენე მინი ფერმა და შევუდექი პროდუქციის წარმოებას. ამასობაში USAID-ის პროექტ Yes-Georgia- ფინანსური მხარდაჭერით შევიძინე ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც აუცილებელად მჭირდება წარმოების პროცესში და საქმეს გამიადვილებს. როგორც ყველა სტარტაპი საჭიროებს უდიდეს შრომასა და ძალისხმევას, ამ შემთხვევაში არც ჩემია გამონაკლისი. წარმოების პროცესში ვცდილობ დავნერგო თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც დამეხმარება როგორც მოგების მაქსიმაზაციაში, ასევე შემიმსუბუქებს ფიზიკურ შრომას, – აღნიშნავს ზაურ კუდუხოვი.

ქართულ ბაზარს არ ჰყავს მწყრის ხორცისა და კვერცხის სტაბილური მომწოდებელი. სწორედ ეს გარემოება გახდა სტარტაპერისთვის ხელშემწყობი ფაქტორი, იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესის დამკვიდრება არ უწევს მძიმე კონკურენციის პირობებში. მისი თქმით, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც მსგავს პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ რეალური სურათის გათვალისწინებით, მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.

დაბალი კონკურენციის პირობებშიც ვცდილობ გამორჩეული ვიყო სხვა მწარმოებლებისგან და მომხმარებელს შევთავაზო განვითარებული და სრულყოფილი პროდუქტი, მხედველობაში მაქვს პროდუქტი, რომელიც იწარმოება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, – აღნიშნა სტარტაპერმა.

სტარტაპერი ეძებს დონორს, რომელიც დაეხმარება ბოინის(ფრინველსახოცი) აშენებასა და შესაბამისი ინვენტარით მოწყობაში. იგი ამ ეტაპზე ფრინველის დაკვლისა და სარეალიზაციოდ გასამზადებლად სხვა აღიარებამინიჭებულ ბოინს იყენებს, რომელიც მისი ქირისა და ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით ხელოვნურად ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას. საკუთარი ბოინი კი მნიშვნელოვნად დაეხმარება იმ დროის შემცირებაში, რაც  სარეალიზაციოდ მოსამზადებელი პროდუქტის მომზადებას სჭირდება, აგრეთვე, მოგების მაქსიმიზაციაში.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს, რომ წარმოებულმა პროდუქტმა სათანადო ადგილი დაიკავოს ქართულ ბაზარზე და გახდეს სტაბილური მომწოდებელი მწყრის ხორცითა და კვერცხით, რომელიც არა მხოლოდ მაქსიმალურად იქნება მომხმარებელზე მორგებული, არამედ ხარისხის ყველა კომპონენტს დააკმაყოფილებს.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფეისბუქის ამ გვერდზე. 

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *