საქართველოში სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 45%-დან 25%-მდე შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 45%-დან 25%-მდე შემცირდა.

მისი თქმით, 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილმა ახალმა სისტემამ, ე.წ. კიბოს რეგისტრმა სიმსივნური დაავადების რეგისტრაციის სისტემა შეცვალა და რეალურს მიუახლოვა.

“თუ წელიწადში დაახლოებით 7 ათასი შემთხვევა აღირიცხებოდა, ყოველ წელს, მოგვდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან შეტყობინება, რომ ეს იყო არარეალური ციფრი, თქვენი მონაცემებით შედეგი 12 ათასამდე უნდა გქონდეთო. რეგისტრაციის დანერგვამ იმ წელსვე დაახლოებით 12 ათასი შემთხვევა აჩვენა. ჩვენი ამოცნობის სისტემა დაზუსტდა და რეალურს მიუახლოვდა. იყო არა 7 ათასი არამედ, სამწუხაროდ, 12 ათასი შემთხვევა, რომელთა რეგისტრაციაც არ ხდებოდა და სიკვდილიანობის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი ძალიან დიდი იყო. 45-დან შემცირდა 25%-მდე. ესაა მთავარი მიზეზი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ და ეკოლოგიის მიმართულებით არაფერი ვაკეთოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პათოლოგიის გამომწვევ მიზეზად ხშირად სწორედ გარემო გვევლინება, გარემოს სიბინძურის კუთხით კი  საქართველო წინა პოზიციებს იკავებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ორი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშიროჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით და ა.შ.

საქართველოში სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, რომელთა შორის გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარეა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, შესაბამისად, სიკვდილის მიზეზად ხშირად გვევლინება. აგრეთვე, მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება განსაკუთრებულად უწყობს ხელს სასუნთქი გზების დაავადებების განვითარებას. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით განპირობებული ხმაურის დონის განუხრელი ზრდა. ხმაური მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობასა და მთელ რიგ დაავადებებს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *