პირველი ქართული გაზეთის გამოცემის ისტორია

იდეა პირველი ქართული გაზეთის დაარსებისა 1818 წელს დაიბადა, 1819 წლის იანვარში კი ამ საქმის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა დაბეჭდეს და გაავრცელეს განცხადება („გამოცხადება“) ყოველკვირეული ქართული გაზეთის გამოცემის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა მოეძებნოს კითხვებს: რა გარემოებებით იყო განპირობებული თბილისში გაზეთის დაარსების საჭიროება, რა ძალები მონაწილეობდნენ ამ საქმეში, ვის რა მიზანი ამოძრავებდა და ა.შ.

ამ საკითხებზე მსჯელობისას „საქართველოს გაზეთის“ ერთ-ერთი პირველი მკვლევარი ევგენი ვეიდენბაუმი აღნიშნავდა – თბილისში გაზეთის დაარსების ფაქტში ასახულია მთავარმართებელ ერმოლოვის შორსმჭვრეტელური ხედვა იმ მიზნებისა და ამოცანებისა, რუსულ ხელისუფლებას რომ უნდა განეხორციელებინა ახალშემოერთებულ მხარეშიო.

ვეიდენბაუმის ეს შეხედულება არსებითად სწორია. მართალია, სავსებით არც კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესების მქონე ადგილობრივი წრეების სურვილისა თუ ინიციატივის გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ ახალშემოერთებულ მხარეშიხელისუფლების მიერ დაარსებული გაზეთი, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ინტერესებსვე უნდა მომსახურებოდა.

ამას გარდა, ხელისუფლებას უთუოდ ექნებოდა უფრო შორსგამიზნული მიზანიც; კერძოდ, საქართველოს შეყვანა საერთო-საიმპერიო საინფორმაციო სივრცეში, იმ საინფორმაციო-იდეოლოგიური პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური რეჟიმის დამკვიდრებასა და გამტკიცებას, საქართველოს შერწყმა-ასიმილაციას რუსეთის იმპერიასთან. მით უმეტეს, პირველი ქართული გაზეთის გამოცემის სათავეში იდგა საქართველოს მთავარმართებელი და კავკასიის ცალკე კორპუსის მთავარსარდალი, ინფანტერიის გენარალი ალექსი ორმოლოვი, რომელსაც რუსეთის განათლებულ წრეებში პროგრესისტ-ლიბერალის სახელი კი ჰქონდა დაგდებული, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებულინ სისასტიკითა და უკიდურესი ძალადობრივი მეთოდებით გამოირჩეოდა.

კავკასიაში ყოფნისას ა. ერმოლოვის მთავარი და სახელმძღვანელო პრინციპი იყო: „არ იარსებებს საქართველო და აღარც კავკასიის საკითხი იარსებებს“. დავიმოწმებთ ორიოდე მაგალითს მისი კერძო ხასიათის მიმოწერიდან: „ქართველი ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე პირველის სათნო მმართველობისა. მას რკინის კვერთხი ესაჭიროება. სხვა აქაური ხალხები უკეთესები არიან. მათ შეგნებული მაინც აქვთ თავიანთი უმეცრება და ადამიანობაზე პრეტენზიასაც არ აცხადებენთანდათან ვრწმუნდები, რომ უდიდესი გმირობაა საჭირო, ოღწვოდე ისეთი ხალხის სასარგებლოდ, რომლის დამახასიათებელი თვისებაა უმადურობა და რომელსაც რუსეთისადმი მიკუთვნება ბედნიერებად არ მიაჩნია, მრავალჯერ უღალატნია რუსეთისათვის და მზადაა, კიდევ არაერთხელ უღალატოს მას“.

ასე იყო თუ ისე, 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა პირველი ქართული პერიოდული გამოცემა „საქართველოს გაზეთი“. იგი თაბახის ფურცლის ზომისაა და შეიცავს 4 გვერდს (პაგინაციის გარეშე – გვერდები არაა დანომრილი). მასალა განლაგებულია ორ სვეტად.

გაზეთი თავიდან დგებოდა რუსულ ენაზე („Грузинская газета“), რაც, პირველ რიგში, საცენზურო პირობებით იყო გამოწვეული, ხოლო შემდეგ ეს ითარგმნებოდა ქართულად.

პირველი ქართული გაზეთი ინფორმაციული სახის ოფიციოზი იყო და, შესაბამისად, ჟანრობრივი თვალსაზრისით აქ გამოქვეყნებული მასალაც ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა.

„საქართველოს გაზეთის“ ენა მძიმეა და არქაიზებული, სავსეა რუსიციზმებით, კალკებით, ჭარბადაა ქართულისთვის არაბუნებრივი სიტყვათწარმოება და სინტაქსური კონსტრუქციები და ა.შ.

1821 წლის ბოლოს პირველი ქართული გაზეთი დაიხურა. მიუხედავად ხელისუფლების მორიგი მცდელობისა, მომავალი წლისთვის უკვე ვეღარ მოხერხდა საჭირო რაოდენობის ხელის მომწერთა მოპოვება („გამოცხადებაში“ ითქვა, რომ 500 ხელმოწერაა საჭირო გაზეთის გამოსაცემად).

პირველი ქართული გაზეთის დანიშნულებისა და მნიშვნელობის შეფასებისას უპირველესად ის უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, იგი არსებითად საქართველოში ახალდამკვიდრებული რუსული რეჟიმის ინტერესებს გამოხატავდა, მაგრამ იმავდროულად მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ჟურნალისტიკას და, ამდენად, ისტორიული თვალსაზრისით „საქართველოს გაზეთი“ საგანგებო მნიშვნელობის მოვლენად უნდა ჩაითვალოს არა მარტო ქართული პრესის, არამედ ახალი ქართული კულტურის ისტორიაში.

 

მასალა მომზადებულია პროფესორ თამაზ ჯოლოგუას წიგნის – “ქართული ჟურნალისტიკის ისტორია” – მიხედვით.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *