„პალატაში საშინელი სუნი იდგა – სრულიად ახალგაზრდა ადამიანს მთელი სხეული ულპებოდა“, – ექიმი დავით გადელია ნარკოდამოკიდებულებაზე

ექიმი დავით გადელია განცხადებას აქვეყნებს:

„აუცილებლად წასაკითხი! ნუ იკლავთ თავს, ნუ!

ვიცი, ჩემს სტატუსს ბევრი ნარკომანი არ წაიკითხავს. ან, თუ წაიკითხავს – მაინც არ შეწყვეტს თავის საქმიანობას. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ბევრი აქაური მეგობარი გააზიარებთ – ეგებ ვინმე დამწყების თვალს, ყურს, გონებას მოხვდეს და ვინმე გადარჩეს!…

გუშინ, დილის საექიმო კონფერენციაზე ჩვენ კლინიკაში, მორიგე ქირურგი ახსენებდა წინა ღამის შემთხვევას და პროფესორმა გააჩერა, რაც უიშვიათესად ხდება – იმდენად გაოცებული იყო ყოვლის მნახველი და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ევროპაშიც ყველაზე გამოცდილი, საუკეთესო ჩირქოვანი ქირურგი, რომ თვითონ აღწერა მოყვანილი ავადმყოფის მდგომარეობა! დაზიანებული ორგანოების აღწერას სულ ცოტა, ათი წუთი მოუნდა! ბევრად უფრო მოკლე იქნებოდა იმ ადგილების დასახელება, რაც დაჩირქებული არ იყო! მეც დავინტერესდი ავადმყოფის მდგომარეობით და კონფერენციის შემდეგ ვნახე – პალატაში საშინელი სუნი იდგა – სრულიად ახალგაზრდა ადამიანს მთელი სხეული ულპებოდა, რაც რა თქმა უნდა შეუთავსებელია სიცოცხლესთან და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მიზეზი მარტივია: ინტრავენურად ინფექციის შეტანა, ნარკომანიის გამო (ავადმყოფი, ამავე დროს, იმყოფებოდა მეტადონის პროგრამაში).

როდესაც კანქვეშ, ან კუნთებში შეგვყავს შემთხვევით ინფექცია, ჩვენი ორგანიზმი ებრძვის, შემოფარგლავს პროცესს ინფილტრატის, ან ფლეგმონის სახით- როგორც შესძლებს, მაგრამ ინტრავენურად ინფექციის შეყვანისას, ჩვენი ყველაზე დიდი მტრები, ჩვენზე რამდენიმე მილიონი წლით მეტი გამოცდილებით – ბაქტერიები, ხვდებიან ჩვენი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულის დამაკავშირებელ უზარმაზარ არხში, ედებიან ყველაფერს და ორგანიზმს გადარჩენის შანსს არ უტოვებენ!

თანამედროვე, მეოთხე თაობის ანტიბიოტიკებით გვიწევს, რომ ვებრძოლოთ ძალიან გახშირებულ სისხლძარღვოვან სეფსისებს. ეს ანტიბიოტიკები კაცობრიობის რეზერვია უდიდეს მტერთან ბრძოლაში. ბაქტერიები კი მუდმივად იცვლიან სახეს და არის საშიშროება, სარეზერვო პრეპარატების ასეთი ხშირი ხმარების გამო, შეუიარაღებელი დავხვდეთ ახალ შემოტევას – ასე სწრაფად ვერ ვიგონებთ ადამიანები ახალი თაობის მედიკამენტებს, თან ძალიან ძვირი ჯდება. როგორ უნდა შეგაძულოს სიცოცხლე ნარკოტიკმა, რომ თანახმა იყო, ზეზეულად ლპებოდე?!

შემხვედრია ჩვენს კლინიკაში მოსული ადამიანები უმძიმესი სისხლძარღვოვანი სეფსისით, რომლებიც აყენებდნენ პირობას” – თუ ნარკომანიის მიტოვებაა აუცილებელი, უარზე ვართ მკურნალობაზე”. უმეტესობა ამას არ ამბობს, მაგრამ მკურნალობასთან ერთად ცდილობს განაგრძოს ინტრავენური ნარკომანია. ასეთი ტიპის ნარკომანებს არაფერი ეშველებათ, მაგრამ ეგებ, დამწყებებმა წაიკითხონ და გადაირჩინონ თავი!” – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *