მერიამ არქიტექტურის გადაწყვეტილება გააბათილა – დიდი დიღმის მაცხოვრებლები კვლავ მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან

დიდი დიღომი არასდროს იყო განებივრებული მწვანე ნარგავებით. შიშველი გორები, აქა-იქ კორპუსები და ძლიერი ქარი, – აი, რა ახსენდებათ პირველ დიდ დიღმელებს, როცა უბანში დასახლებას იგონებენ. უმეტეს შემთხვევაში მათ თავიანთი ხელით გაამწვანეს კორპუსის ეზოები.

ამ წერილში ერთი ასეთი ეზოს შესახებ გიამბობთ, რომელიც დიდი დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის, დაახლოებით 6 ათასი კვ.მ. ფართობი, 30 წლიანი ნარგავებით და მოვლილი ბაღებით.  ფიჭვი, ალვა, ვერხვი, კაკალი, თუთა, ჭერამი, ლეღვი,  ქლიავი, ალუბლები.. – ეს ბაღნარი საკუთარი ხელით გააშენეს მესამე მიკრორაიონის  მე-15 კორპუსელებმა. მაშინ ეს მიწები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო.

აღსანიშნავია, რომ დიდი დიღმის დაგეგმვა-დაპროექტების დროს სპეციალურად  დატოვეს ეს ზოლი მიწისქვეშა კომუნიკაციების, ჭების, გვირაბების თუ სხვა თანამედროვე მიღწევებისთვის მომავალში გამოსაყენებლად, გზის საჭიროებისდა მიხედვით გასაფართოებლად, გამწვანებისთვის, მთავარი ქუჩის გასანიავებლად დ ა.შ. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ სივრცის განაშენიანებას განიზრახავდნენ?

2010 წელს მერიამ მიწა რამდენიმე ნაკვეთად დაყო და აუქციონზე გაყიდა, ხოლო 2016 წელს ერთ ასეთ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვაც გასცა.

დღეს მე-15 კორპუსელები ამ ბაღში ათსართულიანი შენობის შესაძლო მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ტერიტორია შპს „ქართულ-უკრაინულ სამშენებლო ჯგუფს“ ეკუთვნის. მათ  მრავალფუნქციური კომპლექსი-შენობის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინეს სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ახლა განხილვის პროცესშია.

მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა განცხადებით თბილისის მერსა და საბურთალოს მაჟორიტარებს, რათა მათი ყურადღება ამ ნაკვეთის გადარჩენისკენ მოემართათ.

2018 წლის 1 ივნისს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მნიშვნელოვანი გადწყვეტილება მიიღო და ნაკვეთი სარეკრეაციო მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია: „საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: მკვეთრი რელიეფი, წიწვოვანი ნარგავებით გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე. გზის გაყოლებაზე არსებული ჩამოყალიბებული ხედვითი არეალი. ნაკვეთს გააჩნია დაბალქანობიანი ჩამოყალიბებული რელიეფი, წარმოადგენს აქტიურად გამწვანებულ ტერიტორიას, რომელიც არასდროს ყოფილა განაშენიანებული. აღნიშნული სარეკრეაციო ზოლი ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადგის დამჭერ ფუნქციას ქალაქის ამ ნაწილისათვის და თავისი მწვანე მასით აბალანსებს მიმდებარედ მაღალი ინტენსივობით გადატვირთულ განაშენიანებას,“ – წერია გადაწყვეტილებაში.

მოსახლეობა არქიტექტურის სამსახურის ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა, მთელი დიდი დიღომი იყო ამ მიღებული სიხარულის მონაწილე. სოციალურ ქსელში ულოცავდნენ ერთმანეთს,  რომ ჰაერივით საჭირო მწვანე სივრცე გადაურჩა განადგურებას. ძალიან ბევრი მადლობა იწერებოდა მერიის მისამართით და პოზიტიური განწყობა შეიქმნა ხალხში.

მოგვიანებით თბილისის მერიამ პროექტის ავტორის საჩივრის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და  გააბათილა. შემდეგ ყველაფერი საწყის წერტილს დაუბრუნდა: სამშენებლო კომპანიამ კვლავ წარადგინა პროექტი შესათანხმებლად. მოსახლეობა კი კვლავ მის დაცვას ცდილობს.

პროექტის ფოტო, რომელიც კომპანიამ წარადგინა

აქ მცხოვრებლების აზრით, ყველა თვალსაზრისით დაუშვებელია ამ ნაკვეთის სხვა ფუნქციით დატვირთვა, გარდა სკვერისა, რადგან გარშემო ტერიტორია გადაიქცა მაღალი ინტესივობით გადატვირთულ განაშენიანების პოლიგონად. ამ ნარგავების გაკაფვით სურათი კიდევ უფრო დამძიმდება.

უბნის სხვა სკვერებისგან განსხვავებით, ეს ნაკვეთი გაშლილია მზის გულზე, ჩრდილოეთით ქარებისგან მას იცავს  მაღალსართულიანი კორპუსები და შემოდგომიდან-გაზაფხულის ჩათვლით იდეალური ადგილია სასეირნოდ დიდებისთვის თუ პატარებისთვის. მით უმეტეს მას  ესაზღვრება სკოლა „ინტელექტი’“ და საბავშვო ბაღები, რომელთაც ასევე ესაჭიროებათ ეს მწვანე სივრცე.  ეს ადგილი არა მარტო ამ კორპუსისთვის, არამედ მთელი მე-3 მიკრორაიონისთვის ჟანგბადის ბალიშს წარმოადგენს.

დღეს დიდ დიღომში მრავლად გვაქვს ნიმუში იმისა, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ გაიცემოდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვები გამწვანებულ ნაკვეთებზე, კერძო დასახლებებში, ხაზოვანი ნაგებობებით გადატვირთულ ადგილებში. არ არსებობს უბნის განაშენიანების გონივრული გეგმა, რომელიც გაითვალისწინებდა მოსახლეობის ინეტერესებს და დაიცავდა მათ უფლებებს, ვინც დიდი დიღომი საცხოვრებლად სუფთა ჰაერის, სიწყნარის და სხვა მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისების გამო აირჩიეს.

სამწუხაროდ, უბანში ხალხის მოთხოვნების უგულებელყოფის მაგალითები მრავლად გვაქვს. ჩვენი სადავო ნაკვეთის მიმდებარედ მოსახლეობის მიერ გაშენებული 30 წლიანი მწვანე ნარგავები უკვე გაანადგურა შპს „ჯეოტერა 3-მა“, რომელმაც ორი მაღალსართულიანი კორპუსი ააშენა სამეზობლოს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად. აქვე, ქუჩის მეორე მხარეს, ასევე უშედეგოდ აპროტესტებენ სტრაბონის 16-ის მობინადრეები მათ ფანჯრის წინ 4 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ახალი კორპუსის მშენებლობას. კორპუსისა, რომელიც სინათლეს და მზის სითბოს სამუდამოდ დაუფარავს მათ ბინებს.

ისე ჩანს, რომ ყოველ თავისუფალ ნაკვეთზე გაცემულია ან გამოთხოვილია მშენებლობის ნებართვა და გვაქვს მწვანე ნარგავების ნაცვლად სამშენებლო მტვერი, რომელიც გამოკვლევების თანახმად, კიდევ უფრო მავნებელია, ვიდრე მანქანების გამონაბოლქვი. ეს ყველაფერი კი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება. ბოლო წლების განმავლობაში შესამჩნევად  იმატა სხვადასხვა სიმსივნის მაჩვენებელმა (ჩიყვზე, ანემიასა და სასუნთქი გზების ალერგიებზე აღარაფერს ვამბობთ).

დიდ დიღმელები დაუფარავად გამოხატავენ აღშფოთებას უბნისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო  და აქტიურად იბრძვიან საცხოვრებლად და სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შენარჩუნებისთვის.  საბედნიეროდ, რამდენჯერმე მერიის ყუარდღების მიქცევაც მოახერხეს. შეგახსენებთ გასული წის პირველი აპრილის აქციას, როცა ხალხმა გუდვილის მიმდებარედ გაზონში კაფეს მშენებლობა გააპროტესტა. ამის შემდეგ  თბილისის მერმა კახა კალაძემ შენობის აღების ბრძანება გასცა, ნაკვეთი კი სარეკრეაციო ზონად გამოცხადდა.

ასევე მოსახლეობის ძალისხმევით და  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი ქალაქის” დახმარებით შეძლეს და სარეკრეაციო სტატუსი მოუპოვეს მე-3 მიკროში  გამწვანებულ ნაკვეთს, რომელსაც სამშენებლო კომპანია დაუდევრად ანადგურებდა.

ნაკვეთი, რომელსაც სარეკრეაციო სტატუსი მოუპოვეს

აღნიშნული მწვავე საკითხის შესახებ ვესაუბრეთ თემო კალანდაძეს, იგი გახლავთ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი ქალაქის” დამფუძნებელი. იურისტი, არქიტექტორი:

„როგორც ყველა სხვა სფეროში, ქალაქთმშენებლობაშიც – წინასწარ დაუგეგმავი მშენებლობები იწვევენ ქალაქთმშენებლობით ქაოსს – ქალაქი მახინჯდება და ძლიერ ზარალდება. წინასწარ დამუშავებული გენგეგმის გარეშე, თითოეული მშენებლობა განიხილება ერთი მიწის ნაკვეთის ფარგლებში და ძნელია შენობათა ფუნქციების ქალაქისთვის სასარგებლოდ გადანაწილება. დაუგეგმავად შეუძლებელია ერთიანი მისაღები სტილის შენარჩუნება კვარტლისთვის, მით უმეტეს უბნისთვის. შედეგი – დაუშვებელი ჩარევა ძველი ქალაქის განაშენიანებაში და დაშვებულ ზღვარს ბევრად გადაჭარბებული სიმჭიდროვე”, – აღნიშნა მან.

მესამე მიკრო რაიონის მე-15 კორპუსის მობინადრეები განმარტავენ, თუ რა საფრთხეების ქვეშ დგებიან  დაგეგმილი კორპუსის აშენების შემთხვევაში.

ახალი შენობა სამხრეთის მხრიდან ჩამოეფარება ჩვენს კორპუსს და დაფარავს  მზის სხივს და სინათლეს, ჩვენ კი  აღმოვჩნდებით ნესტიან და ცივ ბინებში, საცხოვრებლად აუტანელ პირობებში.  მახსოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე ხშირად ქვეყნდებოდა საცხოვრისის მზის სხივების შეღწევადობის დრო საათობით. განმარტებული იყო, რომ მისი არ არსებობის შემთხვევაში მავნე პროცესები მიმდინარეობს და სხვადასხვა დაავადება ვითარდება, როგორიცაა: ობი, ნესტი, სოკო, სოკოს სპორები, რაც ბაქტერიებით სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებს იწვევს. ერთია, რომ შენობა თანდათან უვარგისი ხდება საცხოვრისად, მეორეს მხრივ, ადამიანთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამასთან გასამკლავებლად კი მერია ხშირად იყო თანადამფინანსებელი ამხანაგობების, ნესტიანი ნაპრალების და სახურავების შესაკეთებელ პროცესებში. ჩვენს კორპუსს ერთი მხარე თითქმის უმზეო აქვს. თუკი მზიან მხარეს დავუშვებთ მშენებლობას გამწვანების ხარჯზე, ეს კორპუსი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება ყველა თვალსაზრისით“, – აღნიშნა მე-15 კორპუსის მცხოვრებმა თეია კვაშილავამ.

მოგეხსენებათ, რთულია ებრძოლო ადამიანებს, ბიზნესმენებს, რომელთაც აქვთ დიდი ფინანსური რესურსი, მაგრამ არ ესმით, რომ ამ კონკრეტულ ადგილას კორპუსის აშენება არის ძალიან დიდი უსამართლობა. მოსახლეობას ამ შემთხვევაშიც აქვს მერიის მხარდაჭერის იმედი.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *