ინკლუზიური განათლების პროგრამის რეალური გამოწვევები

სოციალიზაცია და დისკრიმინაცია ხანგრძლივი პროცესებია,  რომელთა მოქმედების მექანიზმები  აშკარა არ არის, ხოლო დრამას ქმნის ის ფაქტი, რომ ზოგჯერ, ის, რაც სოციალიზაციისკენ მიმართული ქმედება გვგონია, არის დისკრიმინაცია. მაგალითად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს პედაგოგი არ ეკითხება გაკვეთილს იმ მოტივით, რომ ლინგვისტური პრობლემის გამო იგი განსხვავებული არტიკულაციით წარმოთქვამს ბგერებს. მასწავლებელი იცავს მოსწავლეს უხერხული მდგომარეობისგან. მიზანი კეთილშობილურია, შედეგი – სავალალო. მოსწავლე აღარ დგება  აკადემიური გამოწვევის წინაშე, იგი არ არის ჩართული საგაკეთილო პროცესში და ვერ სარგებლობს განათლების მიღების ფუნდამენტური უფლებით.

ინკლუზიურ განათლების პროგრამას ჩვენს ქვეყანაში 1 ათეული წლის ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე ის იხვეწება, იცვლება და ხდება კამათის საგანი. მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ისევ უფლებებზეა დაფუძნებული. ისინი მიუთითებენ, რომ დრო, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის არის გამოყოფილი, აკლდება მოსწავლეებს, რომლებსაც ასეთი საჭიროება არა აქვთ და ისინი დისკრიმინირებული რჩებიან.

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რას ფიქრობენ საკითხზე თავად მასწავლებლები, ის რგოლი, რომელიც საგანმანათლებლო ამინდს ქმნის. „ნიუსმაცნე“ ესაუბრა 182-ე საჯარო სკოლის უფროს მასწავლებელს, ქეთევან საბაურს: ,,მასწავლებლისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა სსსმ მოსწავლის ყოლა, მუდმივად ტონუსში ხარ ამ დროს, რადგან გიწევს ყოველდღე დაგეგმო აქტივობები და შეუნარჩუნო გაკვეთილებს სიხალისე. წელს პირველად ვასწავლი კლასს, სადაც სამი სსსმ მოსწავლეა, სანამ სასწავლო წელი დაიწყებოდა, ძალიან ვღელავდი, მაგრამ შემდეგ მოსწავლეებთან ურთიერთობამ მაჩვენა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. სსსმ მოსწავლეებმა თავად გამიკვალეს გზა, მიუხედავად ამისა, მივიჩნევ, რომ ყველა მასწავლებელმა, რომელიც სსსმ მოსწავლეს ასწავლის, წინასწარ უნდა გაიაროს ტრენინგები, რათა არ მოუწიოს ინფანტილურ მდგომარეობაში დაბრუნება. ყველაზე რთულია განსაზღვრო შეფასების კომპონენტი, როგორ და რის მიხედვით შეაფასო’’.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთი სსსმ მოსწავლის მშობელს. ის გვიყვება საკუთარი გამოცდილების შესახებ: ,,ჩემი შვილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. სკოლაში რომ მოვიყვანე, საერთოდ არაფრის იმედი მქონდა. უბრალოდ მინდოდა, ბავშვებთან ურთიერთობით ესწავლა საუბარი, მაგრამ თანაკლასელები თითქმის არ ეკონტაქტებიან. უფრო მასწავლებლები ცდილობენ დაკონტაქტებას, მაგრამ ისიც ყველა არა. მგონია, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება რაღაცები, არადა კარგად რომ გაიცნონ და დააკვირდნენ ჩემს შვილს, იპოვიან გზას ურთიერთობისთვის. სხვა ბავშვების მშობლები კი რჩევებს მაძლევენ, რომ სპეციალურ სკოლაში გადავიყვანო, თითქოს მე არ ვიცოდე, რა აჯობებს ჩემი შვილისთვის.’’

კითხვაზე, როგორ მიდის მოსწავლის სოციალური ინკლუზია, ის გვპასუხობს: ,,მე არ ვუშვებ ჩემს შვილს ეზოში, მე ეს გზა მოვძებნე მის დასაცავად რომ არ გახდეს განსაკუთრებული მოპყრობის მსხვერპლი’’.

სპეციალური  განათლების ვიტალური მნიშვნელობა შემდეგია: იგი ზრდის ინკლუზიურ საზოგადოებას, ხოლო თუ ინკლუზიას ინდივიდუალური სასწავლო გეგმების საზღვრებში დავტოვებთ, მაშინ პროგრესის ყოველგვარი მცდელობა ირაციონალურია.

 

სტატიის ავტორი: გვანცა კალანდაძე

Newsmatsne.ge

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *