“თსუ-მ შეასრულა ის ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას,” – ილია II

პატრიარქი სიტყვით გამოვიდა თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და ყველა ადამიანს ეს დღე მიულოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას.

“გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის დღესასწაულს. მე მინდა უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თსუ-ს. მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი. უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, ეს არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების ჯავახიშვილის და კორნელი კეკელიძის გარეშე. მე შევესწარი კორნელი კეკელიძის გარდაცვალებას. იმ დროს კათალიკოს-პატრიარქად ბრძანდებოდა ეფრემ მეორე და ის იყო მოწაფე კორნელი კეკელიძის. სახელი ეფრემი კორნელი კეკელიძემ აურჩია მას. ჩვენ წავედით მის სახლში და გარდაცვალებულს ვემთხვიეთ ხელზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ უნივერსიტეტის 100 წლისთავს. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავს ასეთი თავდადებული პროფესორ მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სრულიად საქართველო დალოცა.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *