„ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს,“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათს ოჯახში შეცდომით შევარდნენ. მაჩალიკაშვილს ტერორიზმის საქმეზე დაკავებული რუსლან ალდამოვის განცხადების სჯერა.
ალდამოვი ამბობს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებს მისი მოკვლა უნდოდათ და შემთხვევით 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის მონაწილე პირებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვს:
„ამ სახელმწიფოს იმედი უნდა მქონდეს, ამ დონეზე თუ ეშლებათ – სხვა ვიღაც უნდა მოეკლათ და მოდიან 19 წლის უმწეო, უდანაშაულო ბავშვს მიკლავენ. ალდამოვის განცხადება მოვისმინე, ალბათ, აქვს ამის თქმის საფუძველი. პირველივე დღიდან ვამბობდი, მაგათაც (სამართალდამცავებს) ვეუბნებოდი, რომ თქვენ ან არასწორ მისამართზე მოხვედით ან სხვა რამეშია საქმე-მეთქი. როცა ვნახე, რომ თემირლანს შუბლში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია, მაშინვე ვთქვი – ან ამ ხალხს შეეშალა, ან შეეშინდათ.

ჩვენი მოთხოვნაა, საჯაროდ დაისაჯოს გომელაური და მისი ჯგუფი, სპეცრაზმი, რომელიც ბინძური ფეხებით შემოვიდა ჩემს სახლში,“ – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა და მისმა მთავრობამ „სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს“.
„ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს. მე ამ ჯოჯოხეთის გზას უშიშრად გავივლი და მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ყველაფერს ვაზღვევინებ,“ – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დააკავეს საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *