ბრძოლა ქალაქის პირობებში – რისთვის ემზადება ამერიკული არმია?

აშშ-ს დაზვერვის ეროვნული სამდივნოს ცნობით, 2030 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის 60%-ზე მეტი იცხოვრებს ქალაქებში, ხოლო 2050 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 80%-მდე გაიზრდება.

მეგაპოლისების რაოდენობის ზრდა, თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ შედარებით ვიწრო არეალში თავს მოიყრის სატრანსპორტო და სავაჭრო კვანძები, გაიზრდება კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეთა რაოდენობა, რაც გაართულებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციური დანაყოფების მუშაობას. გარდა ამისა, თუ შენარჩუნდება ტენდენცია იმისა, რომ მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჭრელია და არაა ერთგვაროვანი, თითქმის გარდაუვალი ხდება სოციო-პოლიტიკური და კულტურული დაპირისპირება. ქალაქი, რომელიც ამ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება, მზარდი კრიმინალის მსხვერპლი გახდება. ამგვარ პირობებში გაჩნდება მთელი რიგი უბნები, სადაც სამართალდამცავებს ფეხის მოკიდება გაუჭირდებათ, ხოლო ამ ადგილებს ბოროტმოქმედები გამოიყენებენ იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობისათვის. სწორედ ამგვარ უკონტროლო სივრცეებში შეეცდებიან ტერორისტები ფეხის მოკიდებას.

ამერიკელი ექსპეტების შეფასებით, ამგვარი სცენარი მოსალოდნელია როგორც თავად აშშ-ში, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

შესაბამისად, საჭიროა შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების გარდაქმნა იმგვარად, რომ მათ შეძლონ შეცვლილ პირობებში ეფექტური მოქმედება. უახლოეს ხანებში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმებმა ცხადი გახადა, რომ უმეტეს შემთხვევებში მძიმე შეიარაღებისა და მრავალგვარი საბრძოლო ტექნიკის ფლობა ამგვარ პირობებში ბევრს არაფერს ნიშნავს. ამიტომაც, საჭიროა რამდენიმე მიმართულებით მუშაობა.

დეცენტრალიზაცია. სწრაფად ცვლად სიტუაციაში ცენტრი ვერ მოახერხებს ბრძოლის ველზე ყველა ცვლილებას სწრაფად და ადეკვატურად უპასუხოს. შესაბამისად, გადაწყვეტილებათა მიღება მოუწევთ დაბალი რგოლის მეთაურებს. ამიტომაც საჭიროა მათი მომზადება შესაბამისი სიტუაციებისთვის.

-აქცენტი მობილურ ჯგუფებზე. შეიარაღების განვითარებამ კონფლიქტის მხარეებს საშუალება მისცა დამრტყმელი ჯგუფების რაოდენობა რამდენიმე ადამიანამდე ჩამოეყვანათ. ამის საპირისპიროდ, ბატალიონების დონეზეც კი შეიარაღებული ძალები უკვე მოუქნელად გამოიყურება ბრძოლის ველზე მობილური ჯგუფების წინააღმდეგ (ამის უამრავი მაგალითი გვახსოვს ავღანეთისა და ერაყის კამპანიებიდან, რომ არაფერი ვთქვათ სირიაში მიმდინარე კონფლიქტსა და  „ისლამურ სახელმწიფოზე“). შესაბამისად, აშშ-ს არმიის გეგმები, უახლოეს ხანებში სწორედ ათეულის დონეზე ტაქტიკის დახვეწა იქნება.

-თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად სწრაფი ადაპტაცია. როგორც 19 სექტემბერს აშშ არმიის გენერალმა, დევიდ გოლდფეინმა, განაცხადა, ამერიკის არმია რაც შეიძლება მცირე დროში უნდა ადაპტირდეს ახალ პირობებში საბრძოლველად. საზღვაო ქვეითების შეიარაღებაში იგეგმება ანდროიდების დანერგვა (Android Tactical Assault Kit -ATAK), რაც ჯარისკაცებს გაუადვილებს ბრძოლის ველზე  მიმდინარე ინფორმაციის გაცვლას და მოქმედებათა კოორდინირებას.

-ქალაქის პირობებში მოქმედების ტაქტიკის დახვეწა. როგორც ზემოთ ვთქვით, ბრძოლა ქალაქის პირობებში ნიშნავს დაპირისპირებას, სადაც თითოეული ქუჩის, შენობისა თუ კარის მიღმა სასიკვდილო საფრთხე იმალება. ურბანული სივრცე საბრძოლო მოქმედებათა ძირითადი არეალი ხდება, შესაბამისად, საჭიროა მოქმედების ტაქტიკის დახვეწა მცირე ზომის, მსუბუქად შეიარაღებული, მობილური ჯგუფებისთვის, რომლებიც მომავლის ომების ძირითადი მოქმედი პირები იქნებიან.

სტატიის ავტორი: ირაკლი მოდებაძე

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *