ბრძოლა სოციალიზაციისთვის – შშმ პირებისთვის კვლავ რთულია საზოგადოებაში ინტეგრაცია

,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს’’ – საზოგადოება, რომელიც ანტისტიგმა კამპანიის ავანგარდში დგას, მუდმივად სკანდირებს ამ ფრაზას და ცდილობს, საზოგადოების დანარჩენი ნაწილი დაარწმუნოს, რომ ჩვენ ყველა თანაბარი ვართ, მიუხედავად იმისა, რა ვიცით, როგორ ვსაუბრობთ და რისი გვწამს. ერთია, საზოგადოების რეპრეზენტაცია შეზღუდული შესაძლებლობებისა და მეორე, თავად იმ ადამიანების ამბავი, რომლებიც კონკრეტული სტატუსის ქვეშ ცხოვრობენ. რა მნიშვნელობა აქვს სტატუსს მათთვის, ფარია ის თუ ქოლგა, ამ თემებზე ,,ნიუსმაცნესთან’’ მირანდა კვანტალიანი საუბრობს. ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც 9 წლის შვილი ჰყავს ბავშვთა ცერებრული დამბლის მქონე, ხოლო მეუღლე –  მცირედმხედველი.

მირანდა კვანტალიანი, ალბათ, ის ადამიანია, რომელსაც ამომწურავად შეუძლია მოგვიყვეს იმის შესახებ, რამდენად მომზადებულია ჩვენი ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალიზაციისთვის. მან იცის გერმანიის, აშშ-ს და უკრაინის გამოცდილება ამ მხრივ:  ,,ჩვენს ქვეყანას მაინც არაფერი სჯობს. სუნი გენატრება, საქართველოს სუნი. იქ ყველაფერია, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობ. არავინ გჩაგრავს, არ გიწევს შენი უფლებებისთვის ბრძოლა, მაგრამ მაინც მარტო ხარ, ხალხი, რომელსაც უყვარხარ და გიყვარს, ოკეანის გაღმაა დარჩენილი’’.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, საქართველოში ყველაფრისთვის უწევს ბრძოლა: ,,მეუღლე სახლიდან იშვიათად გამოდის. ძაღლი და ჯოხი  არავისთვის მანიშნებელი არ არის, რომ გზა დათმოს: ,,ჩემი შვილი ეტლით მოსარგებლე არაა, მაგრამ რომ იჯდეს ეტლში, მე მაინც ვერ შევძლებდი მის გამოყენებას. არ მინახავს პანდუსი, რომლით სარგებლობაც რეალურად შესაძლებელია’’.

იგი გვიყვება გერმანიისა და აშშ-ს გამოცდილების შესახებ, ამბობს, რომ ეს ქვეყნები მზად არიან მრავალფეროვნებისთვის, მზად არიან იმისთვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს და თან ეს ისე გააკეთონ, რომ თავი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფად არ განაცდევინონ. მისი თქმით, გარემომცველი საზოგადოება ხშირად ურჩევს მათ, საკუთარი მდგომარეობის გამოყენების შესახებ: ,,და მერე ნელ-ნელა ეჩვევი, რომ ისარგებლო შენი მდგომარეობით. ჩვევაში გადაგდის, თავიდან  გინდოდა,  რომ თანაბარი უფლებებით გესარგებლა, მაგრამ შემდეგ პრივილეგიასაც შეიძლება დათანხმდე. იმიტომ, რომ ან პრივილეგირებული ხარ, ან დაჩაგრული, მაგრამ სხვებთან თანაბარ პირობებში არ ხარ. ლოზუნგები ლოზუნგებად რჩება ჯერჯერობით მაინც’’.

მირანდა კვანტალიანი გამოსავალს თვითონ ეძებს და პოულობს კიდეც, ის აპირებს შეცვალოს რისი შეცვლაც შეიძლება და ადაპტირდეს იმასთან, რაც მუდმივია: ,,დღეში ერთი საათი ცეკვას ეთმობა. არ მინდა, სამყაროზე გაბრაზებული ვიყო, არ მინდა, ჩემი პატარა გოგონა ფიქრობდეს, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ოჯახი ვართ – ერთი ვერ დადის, მეორე ვერ ხედავს, არა ჩვენ ვხედავთ ერთად, დავდივართ ერთად და ვცეკვავთ“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებასთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში – ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე – ხოლო ყველაფერი დანარჩენი არაოფიციალურად ვითარდება ჩვენ გვერდით, ჩვენ მიერ და ჩვენი რეპრეზენტაციების მიხედვით.

სტატიის ავტორი: გვანცა კალანდაძე

Newsmatsne.ge

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *