ანა ტურაზაშვილი – გზა თბილისის საბალეტო სტუდიიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტობამდე

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერინა  – ანა ტურაზაშვილი, უკვე მესამე წელია, რაც მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1999 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაირიცხა. მოსკოვში 14 წლის წავიდა სასწავლებლად. 2007-2009 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში ცეკვავდა. 2009 წლიდან კი დიდი თეატრის არტისტია.  წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მიაღწია. ამერიკულმა გამოცემამ „Dance Magazine-მა“, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალია, ის 25 საუკეთესო მოცეკვავეს შორის დაასახელა. იგი არაერთი ხელოვანის მუზა და შთაგონების წყაროა.

ბავშვობა, პირველი ნაბიჯები ბალეტში

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და სულ ვხატავდი, მაგრამ, როგორც პროფესიისთვის, არასოდეს შემიხედავს, უფრო ჰობი იყო. სიმართლე გითხრათ, როგორც პროფესია, მარტო ბალეტი გამოიკვეთა თავიდანვე. ხელოვნების სხვა მიმართულებებზე, მაგალითად, მსახიობობაზე, მომღერლობაზე და ა.შ. არასოდეს ვოცნებობდი.

ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი, უზომოდ. სხვის თვალწინ არასდროს ვცეკვავდი, არ ვამბობდი ლექსებს. ძალიან მრცხვენოდა, მერიდებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო ვიყავი, შემეძლო მეცეკვა სარკის წინ. გადამწყვეტი მომენტი, ალბათ, ჩემს ბავშვობაში იყო, როცა დარბაზში ბავშვებს ვუყურებდი, როგორ ცეკვავდნენ სარკის წინ.  ვინც ცეკვავდა მთელი გულითა და სულით, მისი ცეკვა უფრო საინტერესო, ბევრად უფრო ლამაზი და ბუნებრივი იყო. ეს მომენტი გამორჩეულად დამამახსოვრდა: „უსმინე მუსიკას და მუსიკა გეტყვის რა უნდა იცეკვო და როგორ უნდა იცეკვო“. უბრალოდ იყავი დარწმუნებული შენს  თავში და გადმოეცი ის, რაც გაქვს შიგნით და მეტი არაფერი. მივხვდი, რომ ეს სიმორცხვე უნდა გადამედო გვერდზე და ბალეტში ყველაფერი ჩამედო, რასაც ვგრძნობდი. მალე ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ჩავაბარე. აქედან უკვე დაიწყო უფრო სერიოზული ვარჯიში.

ჩემს ბავშვობაში თბილისში ნინო ანანიაშვილი იყო ძალიან ცნობილი და ვაგროვებდი მის წიგნებს, სურათებს, ჩანაწერებს, ძალიან მიყვარდა მისი ცეკვის ყურება და დღესაც ასეა. მოსკოვში რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვა ძალიან კარგი ბალერინა გავიცანი და გავეცანი მათს შემოქმედებას. გამოვარჩევდი ლუსია ლაკარას, რომელსაც ულამაზესი ხაზები აქვს. როცა უყურებ, შენ ხედავ მის განწყობას, ენერგიას გრძნობ და ძალიან ვაფასებ ამას. ყველა დასში არის გამორჩეული პრიმა და ყველას აქვს რაღაც თავისი განსაკუთრებული და მისაბაძი.

რუსეთი, მოსკოვის დიდი თეატრი

რუსეთში გადასვლა ძალიან რთული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. მოსკოვში გადმოსვლის იდეაც ნელ-ნელა წარმოიშვა. დედამ გადაწყვიტა, რომ ჩემთან უნდა წამოსულიყო. დავტოვეთ ყველაფერი და წამოვედით მოსკოვში. ყველაფერი შეიცვალა, დატვირთვაც სხვანაირი მქონდა. ბევრად უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ეს კი თავიდან განსაკუთრებულად დიდ ენერგიასა და ენთუზიაზმს მოითხოვდა.

ბალეტის სფეროში, ქართველ და რუს ხელოვანებს შორის, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ თვითონ ჩვენი პროფესია ისეთია, ბავშვობიდანვე გვაჩვევს დისციპლინას, ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს. ერთადერთი ის არის, თუ დასებს ავიღებთ, თბილისის დასში, ვფიქრობ, უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ოჯახებით. აქაც არის ეს, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად.

დიდ თეატრში საკმაოდ დატვირთული რეჟიმია. ერთი დღე გვაქვს დასვენება, ორშაბათს. სპექტაკლები გვიან მთავრდება და გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ მოსკოვი ღამის ქალაქია, ყველაფერი გვიანობამდე მუშაობს, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ღამე ყველაფერი დაკეტილია და სიცარიელეა.

ევროპულ ბალეტს რუსულისაგან, უპირველეს ყოვლისა, განასხვავებს სკოლა. ზოგადად, ბალეტი 8 წელი ისწავლება ევროპაშიც და რუსეთშიც, მაგრამ სისტემა ცოტა სხვანაირია.  ევროპული სკოლა ტექნიკურ მხარეს, ფიზიკურ მომზადებას აქცევს უფრო მეტ ყურადღებას, ხოლო რუსული –  ხელების, თავის, ტანის მოძრაობას, ამპლიტუდასა და დრამატიზმს. იდეალურია ყველაზე თუ ორივე სკოლას ერთმანეთს შეუთავსებ.

რელაქსაცია, ჰობი

პატარაობაში ვფიქრობდი ხოლმე, რომ რაც მეტს ვარჯიშობ უკეთესია. რეალურად ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ აუცილებელია, რომ კუნთები დაასვენო, რათა მოვიდეს ფორმაში. საერთოდ, მივიჩნევ, რომ კარგი მასაჟი, მანუალური თერაპია და ოსტეოპათია არის ყველა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და საჭირო. მასაჟი და მანუალური თერაპია საუკეთესოა კუნთებისთვის, ოღონდ, უნდა იყოს სწორად შერჩეული იმიტომ, რომ ამას ზიანის მოყენებაც შეუძლია თუ არასწორი იქნება.

ძალიან მიყვარს ბუნება, მიწასთან, მცენარესთან შეხება შინაგანად მავსებს. მიყვარს ხატვა, ქარგვა, მუსიკის მოსმენა, კითხვა ანუ გააჩნია რა პერიოდი მაქვს. ჰობი და ინტერესი მეცვლება პერიოდულად.

ბალეტის გარდა, რაც ძალიან სერიოზულად მიტაცებს, არის ფოტოგრაფია. მოსკოვში ბევრი საინტერესო ფოტოგრაფი გავიცანი. ერთ-ერთი ასეთია სერგეი რომანოვი, რომელიც მე-19 საუკუნის აპარატით იღებს. მასთან ფოტოსესია გვქონდა, რომელიც უკვე უცხოეთის გალერეებშია განთავსებული. აგრეთვე, ალექსანდრ იაკოვლევი, სწორედ მისი გადაღებული ფოტო მოხვდა მსოფლიოს დიდი თეატრების აფიშებზე. ასევე, ჩარლზ ტომპსონი, ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელთანაც რამდენიმე ფოტოსესია მქონდა ბრენდ Yanina-ს საღამოს კაბებში. დიდი სურვილი მაქვს ბალეტი და ფოტოგრაფია ერთმანეთს შევუთავსო.

ბალეტი, სამომავლო გეგმები

ძალიან მომწონს ბალანჩინის ანუ გიორგი ბალანჩივაძის ბალეტები. უზომოდ მუსიკალური ბალეტები აქვს. მივიჩნევ, რომ ბალანჩინი თავის ქორეოგრაფიაში, ასე ვთქვათ, მუსიკას ქორეოგრაფიით გამოსახავდა. ძალიან მომწონს ბალეტი „ბრილიანტები“, ასევე „სერენადა“ და „სიმფონია დო მაჟორი“. ეს  სამი ბალეტი ჩემთვის გამორჩეულია როგორც სანახავად, ისე საცეკვად. ძალიან მომწონს გრიგოროვიჩის „სპარტაკი“, რომელიც იდგმება დიდ თეატრში და ითვლება მის სავიზიტო ბარათად. თანამედროვე ქორეოგრაფებიც მომწონს. ასეთი არის ვეინ მაკგრეგორი, კრისტოფერ ვილდონი, რომელმაც „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ დადგა რამდენიმე წლის წინ და ძალიან საინტერესო ვერსია გამოუვიდა.

პარტიებიდან, ალბათ, გამოვარჩევდი „ბელას“ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირიდან“, რომელიც ჩემი პირველი წამყვანი პარტია იყო დიდ თეატრში. დამდგმელი ქორეოგრაფი იური პოსოხოვი გახლდათ.  ეს პარტია კარგად ვიგრძენი და გავითავისე.

როგორც ცნობილია, ანა ბოლო რამდენიმე წელია სხვადასხვა პროექტში იღებს მონაწილეობას. აქვს არაერთი გასტროი და ტურნე..

„სამომავლოდ ძალიან მინდა, რომ ევროპაში ან ამერიკაშიც ხშირად მქონდეს ასეთი ტურნეები, ჩემი კონცერტები, ჩემი ინდივიდუალური გასტროლები. ეს იქნებოდა საუკეთესო, იდეალური ვარიანტი. ასევე, საქართველოშიც დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი კონცერტებითა და სპექტაკლებით. რაც წამოვედი, ფაქტობრივად, იმის მერე იქ არ მიცეკვია. მინდა, რომ დიდი თეატრის სოლისტად დავრჩე და პარალელურად  მქონდეს ჩემი ინდივიდუალური, პატარა ტურები,“ – აღნიშნავს ანა.

საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოდის, როცა შვებულება და თავისუფალი დრო აქვს. სხვა ქვეყნებში წასვლის სურვილის მიუხედავად, ბოლოს მაინც საქართველოს სტუმრობს, რადგან, როგორც ამბობს, ძალიან უყვარს სამშობლოს ბუნება, საზოგადოება და, საბოლოოდ, მაინც აქეთ მოუწევს გული.

ავტორი: ელენე კოღუაშვილი

Newsmatsne.ge

მასალის გამოყენების პირობები »

Share this...
Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

კომენტარები:

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *